მუსიკის გავლენა მცენარის ზრდაზე
0 კომენტარი

მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის გვხვდება ყველგან - ქუჩაში, მანქანაში, სახლში, კაფესა თუ ოფისში. მუსიკა, რომელსაც ვუსმენთ (ან ვუკრავთ) სხვადასხვა განწყობის მატარებელია - ზოგჯერ დამატებითი ენერგიისა და მოტივაციის წყაროა, ზოგჯერ კი გვამშვიდებს და გვამხნევებს.


ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სასიამოვნო მელოდიების პოზიტიური გავლენა მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება. 


ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა ტარდება იმის შესახებ, თუ როგორ აუმჯობესებს მუსიკა მცენარის ზრდის პროცესს.

სარჩევი


მეცნიერები სწავლობენ მუსიკის ზეგავლენას მცენარეების ფიზიოლოგიურ პროცესებზე, მათ შორის ზრდაზე, ფოტოსინთეზზე, წყლისა და საკვები ნივთიერებების შეთვისებაზე.  


გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - სწორად შერჩეული მუსიკა დადებითად მოქმედებს მცენარეების განვითარებაზე და ხელს უწყობს მათ ჯანმრთელობას. 


მუსიკის გავლენა მცენარეთა ზრდაზე

მუსიკის გავლენა მცენარეთა ზრდაზე

1962 წელს, ინდოეთის ანნამალიის უნივერსიტეტის ბოტანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტ.ც. სინგჰმა ჩაატარა ექსპერიმენტები და  გამოცადა მუსიკალური ბგერების გავლენა მცენარეთა ზრდის ტემპზე. 


მან აღმოაჩინა, რომ მცენარეების სიმაღლეში ზრდის სიჩქარე დაჩქარდა 20%-ით, ხოლო ბიომასაში 72%-ით. თავდაპირველად მან ექსპერიმენტი კლასიკური მუსიკით ჩაატარა, შემდეგ კი საცდელად რაგა მუსიკა (იმპროვიზაციული მელოდიური ჩარჩო ინდურ კლასიკურ მუსიკაში) აიღო. ორივე შემთხვევაში მსგავსი ეფექტი გამოვლინდა. 


სინგჰმა განმეორებითი ექსპერიმენტი ჩაატარა მინდვრის კულტურებზე. ამჯერად გამოიყენა რაგას კონკრეტული ტიპი, რომელიც გრამოფონის ჟღერადობასა და ხმამაღალ შეძახილებს მოიცავდა. 


მოსავლის რაოდენობა, რეგიონის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 25%-დან 60%-მდე გაიზარდა. 


რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგად, სინგჰმა დაასკვნა, რომ ყველაზე დიდი გავლენა მცენარეთა ზრდაზე ვიოლინოს ხმას აქვს. ასევე, შეისწავლა ფეხშიშველი ცეკვით გამოწვეული ვიბრაციების ეფექტი. 


მას შემდეგ, რაც მოცეკვავეებმა მუსიკალური თანხლების გარეშე შეასრულეს ბჰარატა-ნატიამი (ინდოეთის უძველესი ცეკვა) რამდენიმე ყვავილოვანი მცენარე, მათ შორის პეტუნია და გვირილა, ორი კვირით ადრე გაიფურჩქნა. 


სინგჰის გარდა, ინდოელმა მცენარეთა ფიზიოლოგმა და ფიზიკოსმა, სერ ჯაგადიშ ჩანდრა ბოუზმა, მთელი ცხოვრება მიუძღვნა მცენარეებზე სხვადასხვა გარემო ზემოქმედებების კვლევას. 

მან აღმოაჩინა, რომ მცენარეები მყისიერად რეაგირებენ ცვლილებებზე იმ ფაქტორებში, რომლებიც მათზე ზრუნვისას კრიტიკულია ამ ფაქტორებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სინათლე, სიცივე, სითბო და ხმაური.


და თუკი მუსიკას სასიამოვნო ხმაურად მივიჩნევთ, მაშინ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მცენარეები ამ ზეგავლენას სასიკეთოდ აღიქვამენ.


კვლევის ჩასატარებლად, ბოუზმა ჩამწერი მოწყობილობები შექმნა, რომლებსაც ძალიან მცირე მოძრაობების დაფიქსირებაც კი შეეძლო. მან ასევე გამოიგონა კრესკოგრაფი, ინსტრუმენტი მცენარეთა ზრდის გასაზომად. 


მცენარეთა უჯრედის მემბრანებზე კონკრეტული გარემოებების ზემოქმედების ანალიზის საფუძველზე, მან ივარაუდა, რომ მცენარეებს შეუძლიათ ტკივილის შეგრძნებაც და სიყვარულის გაგებაც.

აქვთ კი მცენარეებს მოსმენის უნარი?

აქვთ თუ არა მცენარეებს მოსმენის უნარი?

მართალია მცენარეებს არ გააჩნიათ ყურები და სმენის ალტერნატიული ორგანოები, მაგრამ ისინი მაინც რეაგირებენ ბგერებზე. ბგერა ტალღური ბუნების მქონე მოვლენაა, რომელიც გარკვეული გარემოს გავლით ჩვენს სმენის აპარატამდე აღწევს. მაგალითად, ჰაერში გავრცელებული ბგერა ჰაერის ნაწილაკების რხევასა და ვიბრაციას იწვევს. 


სავარაუდოა, რომ მცენარეებიც "გრძნობენ" ამ ვიბრაციებს, თუმცა ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამენ მათ. ბგერითი ტალღები გადაეცემა მცენარის ქსოვილებს და შეიძლება გარკვეულ ცვლილებებსაც კი იწვევდეს მათში.


ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მუსიკის ვიბრაციებს "პროტოპლაზმური მოძრაობის" სტიმულირება შეუძლია. პროტოპლაზმა ნივთიერებაა, რომელიც ყველა მცენარეული და ცხოველური უჯრედის შემადგენელი ნაწილია . 

პროტოპლაზმური მოძრაობა ორი ტიპისაა: ციტოპლაზმური დინება და ორგანელების გადაადგილება. მუსიკა ასტიმულირებს ამ მოძრაობას, რაც თავის მხრივ აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს და დადებითად მოქმედებს ზრდაზე.

იმის დასტურად, რომ მცენარეებს სენსორული და ვიბრაციული აღქმის უნარები აქვს შეგვიძლია ამერიკელი ბოტანიკოსისა და მებაღის, ლუთერ ბურბანკის კვლევის შედეგები დავიხმაროთ. 

მან შეისწავლა თუ როგორ რეაგირებს მცენარე მიწიდან ამოღების შემდეგ. დაკვირვების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ მცენარეებს 20-მდე სენსორული აღქმა აქვთ. 

გამოდის, რომ მცენარეებს, როგორც ცოცხალ ორგანიზმებს, გარემოს აღქმის უნარი აქვთ. 

მუსიკის ბიოლოგიური ეფექტი: მთავარი მექანიზმები, რითაც მელოდიები აძლიერებს მცენარეთა ზრდას

მელოდიები აძლიერებს მცენარის ზრდას

მუსიკის ზემოქმედება მცენარეთა ზრდასა და განვითარებაზე კომპლექსური საკითხია, რომელიც სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესს მოიცავს.

ვიბრაციების როლი

მუსიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ბგერითი ტალღებია, რომლებიც ჰაერში ვიბრაციების სახით ვრცელდება, რაც გავლენას ახდენს მცენარეულ უჯრედებში მიმდინარე პროცესებზე.


ასევე მნიშვნელოვანია მუსიკის ტემპი და სიხშირე. მეცნიერთა დაკვირვებით, მცენარეებისთვის ოპტიმალურია დაბალი ტემპისა და სიხშირის ბგერები. შეიმჩნევა, რომ ასეთი მუსიკის ფონზე მცენარეები უფრო ინტენსიურად იზრდებიან და ვითარდებიან. 


რაც შეეხება სიხშირეს, მცენარეთა ზრდისთვის ოპტიმალური სიხშირე კვლავ კვლევის საგანია. ზოგიერთი ექსპერიმენტის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მცენარეები დადებითად რეაგირებენ ისეთ სიხშირეებზე, როგორიცაა 369 Hz, 432 Hz, 5000 Hz და 115-250 Hz დიაპაზონი.


ვიბრაციებს შეუძლია ასევე ზემოქმედება მოახდინოს მცენარეთა ბაგეების ფუნქციონირებაზე. მუსიკის გარკვეულ სიხშირეზე შესაძლებელია მცენარემ ბაგეები გახსნას ან დახუროს, რაც აისახება აირცვლასა და საკვები ელემენტების შეთვისებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სახეობებისთვის, რომლებიც ნივთიერებებს სწორედ ბაგეებიდან იღებენ.

CO2-ის მიმოცვლა და ფოტოსინთეზი

მუსიკა აუმჯობესებს მცენარის ზრდას

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მუსიკის გავლენა ფოტოსინთეზის პროცესზე. ფოტოსინთეზი მცენარეთა კვების ძირითადი გზაა, როცა მზის ენერგიის ხარჯზე, CO2-ის ფიქსაციისა და წყლის დაშლის შედეგად ორგანული ნაერთები წარმოიქმნება. მუსიკის მოსმენა კი აძლიერებს ფოტოსინთეზის ინტენსივობას, რაც დადებითად აისახება მცენარის ზრდაზე. 

ჰორმონალური ცვლილებები

მრავალი ფიზიოლოგიური პროცესი მცენარეებში, მათ შორის ზრდა და მომწიფება, სპეციალური ნივთიერებებით, ფიტოჰორმონებით რეგულირდება. ისინი უჯრედებს შორის ქიმიური მესენჯერების როლს ასრულებენ. 


თეორიულად, მუსიკის ვიბრაციას შეუძლია ჰორმონების წარმოქმნასა და ტრანსპორტირებაზე ზეგავლენის მოხდენა.


განსაკუთრებით საინტერესოა აუქსინები, რომლებიც პასუხისმგებელია ღეროსა და ფესვების ზრდაზე, ყვავილობასა და ნაყოფის ფორმირებაზე. მუსიკის ფონზე მოსალოდნელია ამ ჰორმონის სინთეზის გააქტიურება.


გარდა აუქსინებისა, რიგ კვლევებში აღინიშნება მუსიკის ეფექტი სხვა ფიტოჰორმონებზეც, მაგალითისთვის ეთილენზე. ეს ჰორმონი მონაწილეობს ნაყოფის მომწიფებასა და დაბერებაში. შესაბამისად, მისი რეგულირებით მუსიკამ შეიძლება არაპირდაპირ იმოქმედოს მოსავლის ხარისხზე.

სხვა მექანიზმები  


მუსიკის მოქმედების კიდევ ერთი გზა მცენარის ბაგეების გახსნას უკავშირდება. ვიბრაციების შედეგად ბაგეების გამტარობა იზრდება, რაც აქტიურ აირცვლასა და მინერალური ელემენტების ფოთლებით შეთვისებას  განაპირობებს. ეს კი ინტენსიურ ზრდას უწყობს ხელს.


უნდა აღინიშნოს მუსიკის როლი თესლის აღმოცენების პროცესშიც. კვლევებით გამოვლინდა, რომ გარკვეული მუსიკალური ფონი დადებითად მოქმედებს სათესლე მასალის სიცოცხლისუნარიანობაზე. ზოგ შემთხვევაში იზრდება გაღვივების პროცენტული მაჩვენებელი და ჩქარდება აღმოცენების პროცესი.

მუსიკა როგორც ბუნებრივი პესტიციდი: როგორ აძლიერებს მელოდიები მცენარეთა იმუნიტეტს

მელოდიები აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს

ბგერითი ზემოქმედება ააქტიურებს მცენარეთა თანდაყოლილ იმუნურ სისტემას და იწვევს დაცვითი სიგნალების ჩართვას, რაც ჩვეულებრივ ქიმიური სტიმულებით ხდება. ეს მიანიშნებს, რომ ბგერა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ახალი ფიზიკური ტრიგერი მცენარეთა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.


ასევე დადგინდა, რომ თავდაცვითი მექანიზმების აქტივაცია ხმის საშუალებით აუმჯობესებს მცენარეების მდგრადობას როგორც ბიოტური (მავნებლები, პათოგენები), ისე აბიოტური (გვალვა, სიცხე) სტრესორების მიმართ. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს მცენარეთა ზოგად ჯანმრთელობასა და შეუფერხებელ  ზრდას. 


პეკინის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მკვლევრის, რედა ჰასანიენის თქმით, ხმის ტალღებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ტკბილი წიწაკის, კიტრის, პომიდვრის, ისპანახის, ბამბის, ბრინჯის და ხორბლის მოსავლიანობა. გარდა ამისა, სათბურის პირობებში მუსიკის ჩართვამ შეამცირა მავნებლები, ტკიპები და ბუგრები. შედეგად კი შემცირდა ნაცრისფერი ობისა და სიდამპლის გავრცელება  კულტურებში, რომლებიც კვლევის საგანი იყო. ეს მიუთითებს, რომ ბგერა შეიძლება იყოს მავნებლებისა და დაავადებების არაქიმიური მართვის საშუალება.


კვლევის შედეგები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მუსიკის ვიბრაციები და სიხშირეები ასტიმულირებენ მცენარეული დამცავი ნაერთებისა და ჰორმონების წარმოქმნას, რაც საბოლოო ჯამში აძლიერებს მცენარის იმუნურ სისტემასა და სტრესისადმი მდგრადობას. 


თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი ის ზუსტი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ბგერა ახდენს გავლენას მცენარეთა იმუნიტეტზე. 

კლასიკიდან ჯაზამდე: რომელი მუსიკალური ჟანრები უყვართ მცენარეებს ყველაზე მეტად

რომელი მუსიკა უყვართ მცენარეებს?

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ მცენარეები განსაკუთრებით კარგად რეაგირებენ კლასიკურ მუსიკაზე და მისი ზემოქმედებით უკეთ იზრდებიან. თუმცა, ეს მითია, რომელიც 1970-იან წლებში ჩატარებულ არასრულყოფილ ექსპერიმენტს ეფუძნება. 


დოროთი რეტალაკის კვლევამ აჩვენა, რომ მცენარეები  კლასიკური მუსიკის ფონზე უკეთ ვითარდებოდნენ, ვიდრე როკის მოსმენისას, მაგრამ შემდგომმა ცდებმა ეს ჰიპოთეზა ვერ დაადასტურა.

ასევე ეფექტური აღმოჩნდა ჯაზი. მეცნიერების აზრით, მცენარეებზე დადებითად მოქმედებს ამ მუსიკალური ჟანრისთვის დამახასიათებელი რიტმები და მელოდიები.

მცენარეებისთვის სასარგებლოა აგრეთვე ბუნების ხმები, მაგალითად, წვიმის წკაპუნი ან ზღვის ტალღების შხუილი. მსგავსი ბგერები დამამშვიდებელ გარემოს ქმნის, რაც, თავის მხრივ, მცენარეთა ჰარმონიულ განვითარებას უწყობს ხელს.

სიმებიანი საკრავების, განსაკუთრებით კი ვიოლინოსა და ვიოლონჩელის, ჟღერადობა პოზიტიურად აისახება მცენარეების ზრდის პროცესზე. ამ ინსტრუმენტების ვიბრაციები თანხვედრაშია მცენარეთა ენერგეტიკულ დონესთან და მათ სტიმულირებას ახდენს. 

რაც შეეხება სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს, მათ შესახებ კვლევები შედარებით მწირია. ზოგიერთი მონაცემი მიანიშნებს, რომ გარკვეულ სახეობის მცენარეებზე სასიკეთოდ მოქმედებს ისეთი ჟანრებიც, როგორებიცაა როკი, პოპი და ელექტრონული მუსიკა, თუმცა ეს შედეგები არ არის ერთგვაროვანი და შეიძლება განსხვავდებოდეს მცენარის ტიპისა თუ გარემო პირობების მიხედვით.

პრაქტიკული რჩევები გროუერებს - როგორ გამოიყენოთ მუსიკა მცენარეებთან


პირველ რიგში, საჭიროა სწორი მუსიკის შერჩევა. კლასიკური ნაწარმოებები, განსაკუთრებით ნელი ტემპის და დაბალი სიხშირის მქონე კომპოზიციები, ხშირად რეკომენდებულია  ყველა ტიპის მცენარისათვის. 


ასევე სასარგებლოა ბუნების ხმები, როგორიცაა წვიმის ან ზღვის ხმა, რომლებიც დამამშვიდებელ ატმოსფეროს ქმნის. 


სიმებიანი საკრავების, მაგალითად, ვიოლინოსა და ვიოლონჩელის ჟღერადობა ითვლება განსაკუთრებით ეფექტურად, რადგან მათი ვიბრაციები მცენარეთა ენერგეტიკულ დონეს უკავშირდება და მათ განვითარებას ასტიმულირებს.

სათბურში ჩართული მუსიკა კარგია მცენაარებისთვის

თუმცა, შესაძლებელია სხვა ჟანრები, მაგალითად, როკი, პოპი ან ელექტრონული მუსიკაც დადებით ზემოქმედებას ახდენდეს - უბრალოდ ჯერ არ ჩატარებულა სიღრმისეული ექსპერიმენტი, რომელიც კითხვაზე საბოლოო პასუხს გასცემდა..


მუსიკის ხანგრძლივობა და ხმის სიმძლავრე ასევე გასათვალისწინებელი ასპექტებია. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მცენარეები უკეთ რეაგირებენ ხანგრძლივად, მაგალითად, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში დაკრულ მუსიკაზე, თუმცა ხმის დონე არ უნდა იყოს ძალიან მაღალი - დიდი შანსია დაზიანდნენ მცენარეები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ვიბრაციების მიმართ. 


იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ინტენსივობა შეუძლებლად მიგაჩნიათ, 3-4 საათიც შედეგის მომტანი იქნება. მაგალითად, შეგიძლიათ დააყენოთ ისეთი გრაფიკი, როდესაც მუსიკა ყოველდღიურად ორ სხვადასხვა მონაკვეთში ჩაირთვება, ვთქვათ, დილით და საღამოს. 


პრაქტიკაში ეს მეთოდი შეიძლება დაინერგოს როგორც სათბურებსა და დახურული სივრცის პირობებში, სადაც შესაძლებელია გარემოს სრული კონტროლი, ასევე ღია გრუნტზეც, თუმცა გარე ფაქტორების (ქარი, ხმაური) გამო მისი ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. 

სათბურში ჩართული მუსიკა კარგია მცენარის ზრდისთვის

ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ მუსიკა ვერ ჩაანაცვლებს მცენარისთვის საჭირო სხვა ფაქტორებს - სინათლეს, სითბოს, წყალს, საკვებ ნივთიერებებს. ის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა მათი ზრდის ოპტიმიზაციისთვის. 


მცენარის ჯიშის მიხედვით, მიეცით მას სათანადო რაოდენობის სინათლე, ტენი და საკვები. მანამ სანამ მუსიკალურ თერაპიაზე გადახვალთ, დარწმუნდით, რომ ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია.


მთლიანობაში, მელოდიები მცენარეებისთვის საინტერესო ფენომენია. დაშვება, რომ მუსიკალური ნაწარმოებები დადებითად აისახება მცენარეთა ზრდაზე ცხადყოფს, რომ ეს ცოცხალი ორგანიზმები გაცილებით უფრო მგრძნობიარეა გარემოს მიმართ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 


ექსპერიმენტებს წინ არაფერი უდგას - გამოცადეთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა მცენარეებზე და აღმოაჩინეთ, რომელი მიმართულება მოსწონთ თქვენს ,,მწვანე მეგობრებს” და რა თქმა უნდა თვალი ადევნეთ გროუგროუს, ჩვენ ყოველთვიურად გთავაზობთ საინტერესო ბლოგებს მცენარეებთან და მათ მოვლასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი